სავაჭრო პალატა

ICC-იმ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საერთაშორისო ვაჭრობაში ტრენინგი ჩაატარა

facebook.com/iccgeorgia

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) ორგანიზებით ჩატარდა რიგით მეოთხე ტრენინგი - "Incoterms 2010 და კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი". ტრენინგები ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება. აღნიშნულ პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. ტრენინგები განკუთვნილია საერთაშორისო სავაჭრო გარიგებების სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც უხდებათ ყიდვა- გაყიდვის კონტრაქტების შედგენა/გადახედვა, რისკების შეფასება, ლოჯისტიკის დაგეგმვა/განხორციელება, ფინანსური უზრუნველყოფა.

4 ნოემბერს ტრენინგი გახსნეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ,  მადინა მაყაშვილმა და ამავე სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილემ, გივი მურვანიძემ. მათ ისაუბრეს შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებულ ელექტრონულ და სხვა სერვისებთან დაკავშირებულ თემებზე.

"პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. დიალოგის წარმატებით განხორციელება განაპირობა საჯარო სექტორისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მაღალმა ჩართულობამ, რამაც ასევე მოგვცა საშუალება ნაწილობრივ განგვესაზღვრა ის საჭიროებები, რომელთა წინაშეც აღნიშნული სექტორების წარმომადგენლები დგანან",-განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პროექტების მენეჯერმა ნინო ოდიშვილმა. 

კომენტარები