როგორ იყენებენ საიტები თქვენს კომპიუტერს ფარულად, კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის

შედიხართ ვებგვერდზე, უყურებთ ფილმებს/ვიდეოებს, ან კითხულობთ სტატიებს და ამ დროს, თქვენდა გაუცნობიერებლად, ვებგვერდები სპეციალური კოდის მეშვეობით თქვენს კომპიუტერს აიძულებენ კრიპტოვალუტის გამომუშავებას. მიღებული კრიპტოვალუტა კი, ასევე თქვენი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ირიცხება ვებგვერდის ანგარიშზე. ამას "ფარული მაინინგი" ეწოდება და ახლა მსოფლიოში მისი ბუმია.

დღეს გამოაშკარავდა, რომ რამდენიმე პოპულარული ქართული ვებგვერდიც ამით არის დაკავებული. აღნიშნულ საიტებს JavaScript Miner-ის კოდი აქვთ დაყენებული, რომელიც მომხმარებელთა პროცესორებს კრიპტოვალუტის (სავარაუდოდ Monero-ს) გამომუშავებას აიძულებენ.

თბილისის ფორუმის მომხმარებლებმა "ფარული მაინინგის" კოდები Translate.ge-ზე, ასევე adjaranet.com-ზეც იპოვეს. adjaranet-მა აღნიშნული ქმედება ოფიციალური facebook გვერდითაც აღიარა და განაცხადა, რომ ეს "ახალი სერვისია."

ამ განცხადებას ვებგვერდის მომხმარებელთა კრიტიკა მოჰყვა, რის საპასუხოდაც, დღეს კომპანიამ მაინინგის კოდის მოქმედება შეაჩერა.

აზიანებს თუ არა "ფარული მაინინგი" კომპიუტერს:

ამაზე პასუხისთვის საჭიროა, იცოდეთ, რა არის კრიპტოვალუტა (ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი, მონერო და სხვა) და როგორ ხდება მისი გამომუშავება.

კრიპტოვალუტა ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. კრიპტოვალუტას ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

აღნიშნული ალგორითმების ამოხსნა კი, საკმაოდ დიდ კომპიუტერულ სიმძლავრეს საჭიროებს, ამიტომაც, კრიპტოვალუტების "მოპოვების" ძირითადი ცენტრები მსხვილი მაინინგ ფერმებია, სადაც ათასობით მძლავრი პროცესორი ერთობლივად გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას. ამ პროცესორებს კი, გადახურებისგან გაგრილების ძლიერი სისტემები იცავენ.

"ფარული მაინინგის" შემთხვევაში პროცესორი ვებგვერდის ჩვენების პარალელურად ხსნის იმ ალგორითმებს, რასაც JavaScript Miner მას უგზავნის. ამის გამო კი, პროცესორის დატვირთვამ შესაძლოა 100%-ს მიაღწიოს (პროცესორის დატვირთვის ნახვა Task Manager-ით არის შესაძლებელი). დიდი დროის განმავლობაში მაღალი დატვირთვით მუშაობამ, შესაძლოა, კომპიუტერის გადახურებაც გამოიწვიოს.

შესაბამისად, მთავარი ზიანი, რაც კომპიუტერს "ფარული მაინინგის" დროს ადგება, პროცესორის და სხვა კომპონენტების ცვეთაა.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის ხარჯებიც, რადგანაც კრიპტოვალუტების გამომუშავების ხარჯებში ელექტროენერგიის ღირებულება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. "ფარული მაინინგის" დროს კი, ვებგვერდი მისი ათასობით მომხმარებლის ელექტროენერგიას იყენებს კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის და ამ გზით შემოსავლის მისაღებად.

მსოფლიოში "ფარული მაინინგის" ბუმია

მსოფლიოში "ფარული მაინინგის" ბუმი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მას ტერმინ cryptojacking-ით მოიხსენიებენ.

უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი კომპანია AdGuard-ის ანგარიშის მიხედვით, "ფარული მაინინგი" გასული თვის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონ კლიკზე დაფიქსირდა. "ფარული მაინინგის" 19% აშშ-ზე, 13.4% ინდოეთზე, 12.4% რუსეთზე, 8% კი ბრაზილიაზე მოდის. ამავე ანგარიშის მიხედვით, "ფარული მაინინგის" 22% მოდის ონლაინ სტრიმინგ კომპანიებზე, ამ ვებგვერდების მომხმარებლები კონტენტის სპეციფიკიდან გამომდინარე საიტზე დიდ ხანს რჩებიან, რაც "ფარული მაინინგისთვის" ყველაზე კარგ პირობებს ქმნის. cryptojacking-ის 17% მოდის ფაილების დაშეარების სისტემებზე (მაგალითად Torrent გვერდებზე), 10% - პორნო საიტებზე, 7% კი, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო საიტებზე. 

როგორ დაიწყო ბუმი

Wired-ის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში კომპანია Coinhive-მა შექმნა კოდი, რომლითაც ინტერნეტ ბრაუზერს კრიპტოვალუტა Monero-ს გამომუშავება შეუძლია. აღნიშნული JavaScript Miner-ის კოდის ვებგვერდის კოდში ჩაემბედება კი, ვებგვერდების დეველოპერებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რის გამოც აღნიშნული კოდი სწრაფად გავრცელდა. 

The Verge-ის ინფორმაციით, 26 სექტემბერს Monero-ს მაინინგის კოდი აღმოაჩინეს ცნობილი ტელეარხის ShowTime-ის ვებგვერდზე. კოდი არხის გასართობი შოუს სტრიმინგ გვერდზე იყო ჩასმული. შოუს მაყურებელთა კომპიუტერები კომპანიისთვის Monero-ს მოიპოვებდნენ.

Monero-ს მაინინგის კოდი იპოვეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პირატულ ვებგვერდზეც - The Pirate Bay-ზე, ამის გამო, კომპანიამ ბოდიშიც მოიხადა.

როგორ დავიცვათ თავი:

cryptojacking-ისგან თავდაცვისთვის Chrome-ის ბრაუზერში არსებობს ორი გაფართოება (extensions) minerBlock და No Coin, რომლებიც მსგავსი კოდების შემჩნევის შემთხვევაში მათ ბლოკავენ.

ზოგიერთ ვებგვერდზე, შესაძლოა, ღიად იყოს მითითებული, რომ მათ მაინინგი აქვთ გაშვებული, რა დროსაც მომხმარებლები ინფორმირებულები არიან, რომ საიტზე ყოფნის დროს ისინი კრიპტოვალუტას გამოიმუშავებენ, თუმცა ამის ფარულად კეთება პრაქტიკულად მომხმარებლის რესურსების ბოროტად გამოყენებაა.

კომენტარები