100 000 ლარამდე სესხის ლარის გარდა სხვა ვალუტაში გაცემა დასჯადი ხდება

ტაბულა

დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ქვეყანაში 100 000 ლარამდე მოცულობის სესხების ლარის გარდა სხვა ვალუტაში გაცემის დასჯადად გამოცხადებას გეგმავს.

პარლამენტში შევიდა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ დარღვევისთვის სპეციალური მუხლი, 153 (8) უნდა გაჩნდეს. მუხლის სახელია "სესხის გაცემის წესის დარღვევა" და მისთვის დაწესებული სანქცია 1 000 ლარია.

ფინანსთა სამინისტროს პოზიციით ამ კანონპროექტის მომზადება საჭირო გახდა იმიტომ რომ გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც პირები არ იცავენ კანონის მოთხოვნას, რომ 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გაიცეს. 

"რიგ შემთხვევებში სხვადასხვა სუბიექტების მიერ ხდება მოცემული მოთხოვნის დარღვევა, აუცილებელია დადგინდეს ჯარიმა ამგვარი ქმედების პრევენციის მიზნით. შესაბამისად კანონპროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევა და აღნიშნული შედეგად მომხმარებელთა ინტერესების შელახვა", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დედოლარიზაციის კანონმდებლობა ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების "გალარების" ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. "გალარების" აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.

კომენტარები