საკადრო ცვლილებები

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება

პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი ქუმსიშვილი
facebook.com/pg/KvirikashviliOfficial

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ინფორმაცია ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია იმედთან დაადასტურა. თუმცა, ჯანელიძემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. 

პირველი არხის მიერ გავრცელებული არაოფიციალური ცნობების მიხედვით, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შესაძლოა კვლავ ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბაროს, ამასთან ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება. ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი, გიორგი გახარია კი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნება. 

პირველი არხის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იგეგმება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებაც, რაც, საბოლოო ჯამში, 18 სამინისტროს 13 სამინისტრომდე შეკვეცს.

მათ შორის, მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი და ამ გაერთიანებულ ეკონომიკურ ბლოკს სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით კი, თანამდებობას ტოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში, ვიქტორ დოლიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახი კახიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. 

ამასთან, პირველი არხის ცნობით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი გადაადგილება შეეხებათ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.

კომენტარები