რაქვიაშვილი: საგარეო დაზვერვისა და სუს-ის გაერთიანებაზე კითხვები გვაქვს

უშიშროების საბჭო

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. დავით რაქვიაშილი ამბობს, რომ მათ აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხები. 

"მთელი ამ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად უსაფრთხოების სამსახურის შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში. ახლა ამ სტრუქტურული ცვლილებით გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ორიენტირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვასა და კოორდინაციაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა შესთავაზა საქართველოს პარლამენტს, რომელიც უსაფრთხოების თემს აქვს ჩამოყალიბებული, აუცილებელია დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები. რაც შეეხება სუს-ის და საგარეო დაზვერვის გაერთიანებას, აქ კითხვის ნიშნები არსებობს, რომლებზეც, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს პასუხები გაცემული". 

საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში უერთდება. პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა: 

„პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“. 

კომენტარები