საპარტნიორო ფონდი

მთავრობა ცვლის კანონს, რომელიც ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს შექმნას ხელს უშლის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" კანონის პირველი მუხლი სახელმწიფოს ან სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიას უკრძალავს საფინანსო ინსტიტუტებში წილების ფლობას. მთავრობას ახალი უწყების - "ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს" შექმნას სწორედ ამ მუხლის დაწესებული შეზღუდვა არ აძლევს, ამიტომაც პარლამენტი მის გაუქმებას გეგმავს.

რა არის ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო:

"ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო" ახალი საფინანსო ინსტიტუტი იქნება, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს სუბსიდიებს მიაწვდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, პარლამენტს უკვე წარედგინა.

ახალი სააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება და მისი თავდაპირველი ბიუჯეტი სავარაუდოდ, 20 მილიონი ლარი იქნება. სააგენტოს ფუნქციები ექსპორტიორ კომპანიებზე გრანტებისა და სადაზღვევო მომსახურების გაცემა იქნება.

"ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დაზღვევის ობიექტის დაზღვევა/გადაზღვევა, გასცეს გარანტიები და იკისროს თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია საექსპორტო ოპერაციებთან, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, მათთან დაკავშირებული, მათ მიერ კონტროლირებადი ან კონტრაჰენტი კომპანიები (მათ შორის, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები) შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ დაექვემდებარონ საზღვარგარეთ საქმიანობის ან საერთაშორისო ვაჭრობის დროს.

ზემოაღნიშნული საქმიანობის დაზღვევის მიზნით, მითითებული დაზღვევა და გარანტიები შესაძლებელია ასევე გაცემულ იქნას საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან/და საქართველოში ან/და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ კრედიტორებზე, მათ მიერ ნებისმიერი ფორმით გაცემული კრედიტებისათვის (მათ შორის სესხი, გარანტია, ფაქტორინგი, აკრედიტივი და სხვა საკრედიტო რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტები)",- წერია კანონპროექტში.

ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში უნდა გამართულიყო. უწყების შექმნის ინიციატივით გიორგი კვირიკაშვილი ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს გამოვიდა. 

დღეისთვის უცნობია, თუ რა პირობებით მოხდება ექსპორტიორი კომპანიების დაკრედიტება, ასევე უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩევს სააგენტო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სახელმწიფოსგან შეღავათიან კრედიტს მიიღებენ.

ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს შექმნის შემთხვევაში ქართველი გადასახადის გადამხდელები ფულს გადაიხდიან იმაში, რომ ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია უცხოეთის მოქალაქეთათვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა აბაშიძე

კომენტარები