ე.წ ციანიდის საქმე

სასამართლო: ნანუაშვილის ანგარიში ე.წ ციანიდის საქმეზე სამართლებრივად უსუსურია

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

"უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა." - თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველის მიერ, ე.წ ციანიდის საქმის შესახებ, გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. სასამართლო ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებში, მიუხედავად სასამართლო ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული პატივისცემისა, რომ დოკუმენტში არ განხილულა საქმეზე მტკიცებულებათა გაზიარების მიზანშეწონილობა და განაჩენის დასაბუთებულობის შინაარსი, უჩა ნანუაშვილი გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს და მეტიც, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა. სახალხო დამცველი, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის თაობაზე, მსჯელობაში შევიდა და მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, გონივრულად წარმოშობილი ეჭვი, მოსამართლის მიერ ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია." - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. სასამართლო სახალხო დამცველის ანგარიშს "სამართლებრივად უსუსრს" უწოდებს. 

"მოსამართლისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებები და შეფასებები თავს მოახვიოს საზოგადოებას და იმსჯელოს მასზე, როგორც  ობიექტურ რეალობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომებს არა პირადად, არამედ მისი წარმომადგენელი ესწრებოდა. სახალხო დამცველისაგან სასამართლოს განაჩენსა და სხდომათა სრულად დახურვის საკითხზე მსჯელობა უხერხულია მაშინ, როდესაც იგი ისე ასრულებს უფლებამოსილების ვადას, რომ ვერ განსაზღვრა სახალხო დამცველის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლები. გამოქვეყნებული 16 გვერდიანი, სამართლებრივად უსუსური  ანგარიში, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჩა ნანუაშვილი სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება და სუბიექტური მოსაზრებებით და პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს."- წერია საქალაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველმა ე.წ ციანიდის საქმის შესახებ მონიტორინგის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის პატივისცემას და აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობის საკითხს. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არაა განხილული, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი მის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც არაკონსტიტუციურია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები