ტოლერანტობის ქომაგი

"ტოლერანტობის ქომაგის" წოდება გიგა ბოკერიამ და ხათუნა სამნიძემ მიიღეს

0 კომენტარი

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს და ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება მიანიჭა. 

"ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობით და ტოლერანტობის ერთგულებით" - თქვა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

ხათუნა სამნიძე საქართველოში არ იმყოფება და მისი ჯილდო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცეს. გიგა ბოკერიას თქმით კი, ჯილდოს მიღება მისთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, პასუხისმგებლობაცაა.

"პასუხისმგებლობა საზოგადოების ყველა წევრს გვაქვს თავისუფლების დაცვის საკითხში, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ხალხს, ვინც პოლიტიკაში ვართ, ვისი მოვალეობაც არის სხვისი თავისუფლების დაცვა. ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში წინ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და ეს პირველ რიგში არის, ჩვენი, პოლიტიკოსების ბრალი, მათი, ვისი მოვალეობაც იყო აქ ბევრად მეტი პროგრესის მიღწევა.

თავისუფლებას ჰყავს ღია მტრები, ჩვენ მათ ვხედავთ ყოველდღე, მაგრამ ზოგჯერ ღია მტრებზე უფრო მეტი საფრთხე არიან ის ადამიანები, ვინც გულგრილობას იჩენს ამის მიმართ, ვინც კარს უღებს თავისუფლების მტრებს, ვინც საკმარისს არ აკეთებს თავისუფლების მტრების წინააღმდეგ და სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვლაპარაკობ, ჩვენს, ჩემს პასუხისმგებლობაზე მთელი ამ წლების განმავლობაშიც და დღესაც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ხალხის წყალობით, ჩვენ ამ ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილსაც და გულგრილობასაც" - მიმართა ბოკერიამ რელიგიათა საბჭოს.

ბოკერიასა და სამნიძის გარდა, რელიგიური და ეთნიკური საბჭოების სიგელი მწერლებს გურამ ოდიშარიასა და ლაშა ბუღაძეს გადაეცა. ამასთან, ტოლერანტის ქომაგის სიგელი გადაეცა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, გაზეთ "გურჯისტანსა" და მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინო ნადირაძე

კომენტარები