საქართველოს სახალხო დამცველი

"ოცნების" დეპუტატი: ომბუდსმენის შესახებ წულუკიანის განცხადება უპასუხისმგებლოა

0 კომენტარი
ფოტო: Shota Shalelashvili/Fb.com

ქართული ოცნების დეპუტატი შოთა შალელაშვილის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ომბუდსმენის შესახებ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, წულუკიანის განცხადება აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია.

"მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით" - წერს შალელაშვილი Facebook-ში და ყველას მოუწოდებს, პატივი სცენ კონსტიტუციურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას.

"შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით დაუჭირა მხარი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურას. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ქართული ოცნება და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.

ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით" - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები