მუქარა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ჟურნალისტების მიმართ მუქარის გამო გოჩა მაისურაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოჩა მაისურაძეს, რომელიც ტაბულას ოფისში შეიჭრა და ჟურნალისტებს გადაწვით დაემუქრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

ტაბულას ოფისში შემოჭრისა და მუქარის გამო, მოქალაქე გოჩა მაისურაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

პარასკევს, 17 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ტაბულას ოფისში მოვიდა მამაკაცი, რომელიც დაინტერესდა, რა ორგანიზაციაში იმყოფებოდა და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანია. 

მას შემდეგ, რაც გოჩა მაისურაძემ შეიტყო, რომ ტაბულას ოფისია, დაიმუქრა, რომ თუ ერთი თვის ვადაში ოფისს არ დავცლით, ის ჩვენს ოფისს გადაწვავს. ამის შემდეგ, მამაკაცი ეზოში გავიდა და ჩვენი აივნის წინ ყვირილი დაიწყო. 

გოჩა მაისურაძე ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. ის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ტაბულას რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს, უყურებს მის გადაცემებს და აკეთებდა მის პაროდიას. 

მაისურაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც დაუდასტურა, რომ თუკი ოფისს არ დავცლიდით, გადაწვავდა და "შემსრულებელი" იყო.

ლევან სუთიძეს და ტაბულას სხვა ჟურნალისტებს, მათი საქმიანობის გამო, 2016 წლის 12 იანვარს რესტორან "ჭაშნაგირში" თავს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, რის მოტივადაც მათი პროფესიული საქმიანობა დაასახელეს.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიტყვის, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. საქმე სასამართლოშია, თავდამსხმელები კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები