დევიდ ლინჩი საქართველოში

დევიდ ლინჩი წეროვანში სხვადასხვა სამხედრო მისიაში დაშავებულ ჯარისკაცებს შეხვდა

თავდაცვის სამინისტრო

დევიდ ლინჩი წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. ამერიკელი რეჟისორი და ფონდის დამფუძნებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დევიდ ლინჩმა მათ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დაშავებული სამხედროების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. მოგვიანებით კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ამერიკელ რეჟისორს წეროვანში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დახვდნენ.

რეჟისორმა დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში დააარსა. ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაში ფუნქციონირებს. საქართველოში ფონდის წარმომადგენლობა 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები დევიდ ლინჩის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტისა და A კლასის კინოფესტივალის დაარსება, ასევე ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა.

კომენტარები