მუქარა ტაბულას ჟურნალისტებზე

პროკურატურა: მაისურაძეს პატიმრობა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს პროკურატურა ტაბულას ჟურნალისტებზე მუქარის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რის საფუძველზე ითხოვდა ბრალდება გოჩა მაისურაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას. 

უწყების განმარტებით, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა ქ.თბილისში,  სამოქალაქო განათლების ფონდ „ტაბულა მედიას“ ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას“ თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. აღნიშნულ პირებს  მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოჩა მაისურაძეს, რომელიც ტაბულას ოფისში შეიჭრა და ჟურნალისტებს გადაწვით დაემუქრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

ტაბულას ოფისში შემოჭრისა და მუქარის გამო, მოქალაქე გოჩა მაისურაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გოჩა მაისურაძე ტაბულას ოფისში პარასკევს, 17 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, მოვიდა და დაინტერესდა, რა ორგანიზაციაში იმყოფებოდა და რატომ ხედავდა ჩვენი ოფისის აივანზე ლევან სუთიძეს, რომელიც ტაბულას ჟურნალისტი და გადაცემის "საუბარი რელიგიაზე" წამყვანია. 

მას შემდეგ, რაც მაისურაძემ შეიტყო, რომ ტაბულას ოფისია, დაიმუქრა, რომ თუ ერთი თვის ვადაში მას არ დავცლით, "აქაურობას გადაწვავს". ამის შემდეგ, ის ეზოში გავიდა და აივნის წინ ყვირილი დაიწყო. 

გოჩა მაისურაძე ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანი და სნაიპერია. ის დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა ტაბულას რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს, უყურებს მის გადაცემებს და აკეთებდა მის პაროდიას. 

მაისურაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც დაუდასტურა, რომ თუკი ოფისს არ დავცლიდით, გადაწვავდა და "შემსრულებელი" იყო.

ლევან სუთიძეს და ტაბულას სხვა ჟურნალისტებს, მათი საქმიანობის გამო, 2016 წლის 12 იანვარს რესტორან "ჭაშნაგირში" თავს დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის მოტივადაც მათი პროფესიული საქმიანობა დაასახელეს.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიტყვის, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. საქმე სასამართლოშია, თავდამსხმელები კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები