სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სუბარი: სპეცოპერაციაზე შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ, მე სააკაშვილზე ვილაპარაკებ

სოზარ სუბარი
ტაბულა

სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე ისაუბრა - თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალს განიხილავს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თქვა, რომ მას სპეცოპერაციაზე ბევრი არაფრის თქმა შეუძლია. 

"სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყვით.

ამავდროულად მინდოდა მეთქვა რადენიმე სიტყვა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. მეც ვიყავი დაკითხული, როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება და მოგეხსენებათ, ვიყავი სახალხო დამცველი იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ხდებოდა ჩემ თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით, იმიტომ რომ უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ გამოძიებაში, რაც მაშინ მიმდინარეობდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. როგორ ხდებოდა გზადაგზა გაყალბებასა სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორემდე, რომ ამითი შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, მაშინ როცა ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ეს წესები. როგორ მოხდა, რომ ისინი იყვნენ პრივილიგირებულ მდგომრეობაში და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი მაშინ ჩემთანაც კი მოდიოდა და მეუბნებოდა, სააკაშვილის მთავრობის წევრზე მაქვს საუბარი, როგორ მართავდნენ და ატერორებდნენ ისინი ბიზნესებს ციხიდან, როგორ უშვებდნენ მათ პერიოდულად ოჯახებში, თითქოს მათ დანაშაული არ ჰქონოდათ ჩადენილი და როგორ იყო ამ ყველაფრის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება". 

ჟურნალისტებმა სუბარს სააკაშვილის და გირგვლიანის საქმის შესახებ საუბარი შეაწყვეტინეს და უთხრეს, რომ მიმდინარე 17 საათიანი სპეცოპერაციის დროს საზოგადოება მთავრობისგან პასუხებს სწორედ ამ საქმეზე ელოდება. სუბარმა კი უპასუხა, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ მინისტრი პირდაპირ ეთერში საუბრობდეს. ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, სუბარმა სპეცოპერაციაზე არაფერი თქვა და სანდრო გირგვლიანის საქმის პროცესზე საუბარი გააგრძელა. 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ღამიდან მიმდინარეობს. 

სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც სამართალდამცველები ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

ცნობილია, რომ სპეცრაზმი 2 ადამიანის დაკავებას ცდილობს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ არიან ისინი, ვის დაკავებასაც სპეცრაზმელები ცდილობენ. 

კომენტარები