სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა

ტვ იმედი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოსვლის მომენტში და მკურნალობის პერიოდში იყო კრიტიკული, უკიდურესად მძიმე. გამოხატული იყო გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა-სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული ეპიდურული სისხლჩაქცევები, ქალა-ფუძის მოტეხილობა. ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა", - აცხადებს ქირურგი.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 41 წლის იყო.

ექიმს სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამბობს, რომ ინგოროყვას კლინიკაში სხვა სპეცრაზმელი არ არის მოთავსებული და არც ელოდებიან.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობს. 

სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც უარი განაცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

სუს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორამციით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

კომენტარები