სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბესელია: უსინდისო ბრალდებებს არ მივიღებთ, წინა ხელისუფლება თვითონ აწყობდა ტერაქტებს

ტაბულა

ეკა ბესელია ოპოზიციის მოწოდებებს, პასუხი გასცენ არსებულ კითხვებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, უსინდისო განცხადებებს და ზღვარგადასულ ბრალდებებს უწოდებს. ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავად აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში, ამიტომ მათ თავს ასეთი ტონით საუბრის უფლება არ აქვთ. 

"ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში. უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნური ტერაქტები, რომელსაც ეწირებოდა საკუთარი მოქალაქეები, ამიტომ ამ თემაზე ნურავინ გაბედავს, თავს უფლება მისცეს, ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენკენ, მაშინ, როცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ", - ამბობს ბესელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ჩატაევი ციხიდან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს: 

"კითხვის დასმა დაიწყეთ იქიდან, რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ის ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. წაყენებული ჰქონდა საბრძოლო მასალის შენახვა - ნაკლებად მძიმე დანაშაული, როგორც მე ვიცი. ნახეთ, რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში. და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი", - თქვა ბესელიამ. 

ოპოზიციამ დღეს მმართველ გუნდს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 6 დღიანი დუმილის დარღვევა და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ მოსთხოვა. მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს აინტერესებთ, არის თუ არა ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი, ასევე ის, თუ როგორ გაათავისუფლეს ის ციხიდან 2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების შეცვლიდან 2 თვის შემდეგ. 

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტშიც უნდა მივიდეს. 

ახმედ ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, 2012 წლის აგვისტოში დააკავეს. მას ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მის ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც, ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა.

ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე ხელისუფლების ცვლილებიდან ორ თვეში, 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. 2013 წლის დასაწყისში კი, მის წინააღმდეგ საერთოდ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ახმედ ჩატაევი, ამის შემდეგ, საქართველოდან წავიდა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ISIS-ს შეუერთდა.

კომენტარები