სახალხო დამცველი

სამადაშვილი: ენმ სახალხო დამცველის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს უჭერს. პარტიის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მათი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატისათვის დაეჭირათ მხარი. 

"ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ სახალხო დაცველის პოსტზე დასახელებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურა. ვრჩებით ჩვენი გაცხადებული პრინიციპის ერთგული და მხარს დავუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატს. ჩვენ შევხვდით და მოვუსმინეთ ნინო ლომჯარიას. ვფიქრობთ, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება. შესაძლოა, არსებობდეს რაღაც საკითხები, რომელზეც ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ამ პოზიციაზე დასახელებული იყოს არასამთავრობოების კანდიდატი. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი კანდიდატი არის ადეკვატური, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი მხარდაჭერა." - ამბობს სამადაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია 27 ნოემბერს წარადგინა. 

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. ლომჯარიას კანდიდატურა თავდაპირველად ბიუროზე განიხილება, მოგვიანებით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. საბოლოოდ, ლომჯარიასკანდიდატურას კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლოს კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

კომენტარები