ოჯახში ძალადობა

შსს: მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე მისულ პოლიციას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე პოლიცია შეტყობინების შემდეგ მივიდა და ყოფილმა ქმარმა სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი. დაჭრილია ყოფილი ცოლიც.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე - 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო.

ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი მსუბუქად არიან დაჭრილები.

"დაგვხვდა შემდეგი სურათი - პატივცემული იარაღით ემუქრებოდა ქალბატონს. მამაკაცს მოვუწოდეთ დაეგდო იარაღი, რა დროსაც მოტრიალდა ჩვენი მიმართულებით და გააკეთა რამოდენიმე გასროლა. ასევე, ესროლა ქალბატონს. საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა მსუბუქად მამაკაცი. გადაყვანილია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, აგრეთვე ქალბატონია მსუბუქად დაჭრილი", - აცხადებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მედიასთან.

კომენტარები