სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

რას მოჰყვა სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - გამოძიების ვერსია

0 კომენტარი

საქართველოს პროკურატურა 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დეტალებზე პირველ განცხადებას აქვეყნებს.

გამოძიების ვერსიით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

1 დეკემბერს, დილის საათებში, 51-ე სკოლის ორ მეცხრეკლასელს (ინიციალებით თ.შ. და ა.ს.) შესვენებაზე საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდა. ერთერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც მეცხრეკლასელების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ერთერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მე-9კლასელმა (ა.ს-მ) დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს (მ.კ-ს) დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

ხსენებული ნათესავი 51-ე სკოლასთან შუადღის 2 საათისთვის, მეგობრებთან ერთად მივიდა. მათ ზემოთ ნახსენები მეცხრე კლასელებიც შეუერთდნენ. სკოლასთან შეკრებილნი იყვნენ დაპირისპირებული მე-11 კლასელები და მათი 15-მდე მხარდამჭერი. მოზარდებმა სკოლის ტერიტორიიდან ხორავაზე, კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. საუბარი ჯერ შელაპარაკებაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჩხუბისას ერთერთმა მონაწილემ (გ.ჯ. - პირი, რომელიც მიმალვაშია) დანით მრავალი ჭრილობა მიაყენა დ.ს-ს. ხოლო გ.ბ-მ (პირი, რომელიც დაკავებულია) - ასევე დანით ორი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა ლ.დ-ს. შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - მომდევნო დღეს, საავადმყოფოში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში არის არაერთი მოწმის ჩვენება და ნივთმტკიცება, მათ შორის მკვლელობის იარაღები. ერთი დანა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, მეორე კი გამოძიებას ინციდენტში მონაწილე მოწმემ გადასცა. მას დანა გადასამალად ერთერთმა ბრალდებულმა მისცა.
 

ორიდან ერთერთი ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაშია. მას და დაკავებულ მოზარდს პროკურატურამ ბრალი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები