მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მიხეილ სააკაშვილის დაკავება
Reuters

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი 14:00-ზე არის დაგეგმილი, ექსპრეზიდენტის დაკავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია სავარაუდოდ ამ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

პოლიციის მიკროავტობუსი, რომლითაც სააკაშვილი გადაყავთ ამ დრომდე არ იძვრის, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებს ქუჩა გადაკეტილი აქვთ.


ფოტო: კადრი პირდაპირი ეთერიდან

დაკავებამდე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სააკაშვილი მისი კორპუსის სახურავზე იყო, საიდანაც მხარდამჭერებს მიმართავდა. სააკაშვილის განცხადებით, პეტრო პოროშენკო მის დაკავებას პუტინის მიერ გაცემული ბრძანების გამო გეგმავდა.

"არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. 

"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა. 

კომენტარები