ვალერი ვავილოვი: საქართველოში ახალი დატა ცენტრის აშენებას ვგეგმავთ

ტაბულამ საქართველოში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ინტერვიუ ჩაწერა Bitfury ჯგუფის დამფუძნებელ ვალერი ვავილოვთან საქართველოში კომპანიის გეგმებზე, თანაინვესტირების ფონდთან კავშირზე, უძრავი ქონების ბლოკჩეინში რეგისტრაციის საპილოტე პროგრამასა და ბიტკოინის მომავალზე.

Bitfury-ის შესახებ:

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს. Bitfury მისი დატა ცენტრების მეშვეობით სხვა კომპანიებისთვის სერვისის გაწევასთან ერთად ბიტკოინსაც გამოიმუშავებს. კომპანია საქართველოში: გორსა და თბილისში ფლობს ბლოკჩეინის ორ დატა ცენტრს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 60 მეგავატია. კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან, 2015 წელს კი კომპანიამ თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში (გლდანის მიმდებარედ) გახსნა 40-მეგავატიანი დატა ცენტრი, რომელიც ელექტროენერგიას შეღავათიანი ტარიფით იღებს. 2016 წლის აპრილში Bitfury-იმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოაწერა ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებას. პროექტის შედეგად, საკუთრების შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრში შენახული მონაცემების ბლოკჩეინში რეგისტრირება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, 200 000-ზე მეტი დოკუმენტი საკუთრების შესახებ უკვე Bitfury -ის ბლოკჩეინში არის შენახული. კომპანია დატა ცენტრებს ასევე ფლობს კანადასა და ისლანდიაში.

ინტერვიუ ვალერი ვავილოვთან:

ვავილოვის განცხადებით, საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ტარიფები საკმაოდ კონკურენტუნარიანია, რის გამოც ის სავარაუდოდ 2018 წელს ქვეყანაში ახალი დატა ცენტრის აშენებას გეგმავს. ვავილოვი არ აკონკრეტებს თუ რა მოცულობის იქნება ახალი ცენტრი და აშენდება თუ არა ის გლდანში მდებარე თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი კანონის მიხედვით უფრო შეღავათიანია, რადგანაც ზონის გარეთ არსებული კომპანიებისგან განსხვავებით თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოღვაწე კომპანიები დენის ტარიფის შემადგენელი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან.

"საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ტარიფები არის ძალიან კონკურენტუნარიანი. საქართველოს ელექტროენერგიაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები აქვს. ამავდროულად, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგია არის მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა - ეს არის ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია. 

სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში გავზარდოთ ჩვენი ინვესტიციები და მაღალი ალბათობით, 2018 წელს ჩვენი მორიგი დატა ცენტრი საქართველოში ავაშენოთ. ამ დროისთვის ზუსტ დეტალებს თუ რა იქნება ამ დატა ცენტრის სიმძლავრე ვერ გეტყვით. 

კანადის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგია შედარებით ხელმისაწვდომია, მეტიც კანადაში არის ადგილები, სადაც ენერგიის ფასები საქართველოზე დაბალია, თუმცა საქართველოს კანადასთან შედარებით სხვა უპირატესობებიც აქვს, ესენია კარგი ბიზნესგარემო და ბიუროკრატიის ნაკლებობა, ამასთანავე საკმაოდ ხელმისაწვდომი მუშახელი. აქ ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, საგადასახდო სისტემა არის მარტივად გასაგები, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ვავილოვი.

თანაინვესტირების ფონდთან კავშირის შესახებ:

Bitfury-იმ 2014 წელს $20-მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძეა. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია. ვალერი ვავილოვი თანაინვესტირების ფონდთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვას გაურბის და ამბობს:

"ვერ ვხდები ამ კითხვის შინაარსს, რატომ მეკითხებით? დიახ, Bitfury-იმ ცოტაოდენი დაფინანსება თანაინვესტირების ფონდისგანაც მიიღო, ეს არ არის განსაკუთრებით მსხვილი თანხა."

საკუთრების ბლოკჩეინში რეგისტრაციის საპილოტე პროგრამის შესახებ:

უძრავი ქონების ბლოკჩეინში რეგისტრაციის პროგრამის დაწყებით საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც ბლოკჩეინ სისტემაში საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების რეგისტრაცია დაიწყო. საპილოტე პროექტით, როგორც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო სექტორში დანერგვის ერთ-ერთი პირველი ქეისით ჰარვარდის ბიზნეს სკოლა და გაერო დაინტერესდა. ვავილოვის განცხადებით, დოკუმენტების ბლოკჩეინში რეგისტრაციით ქვეყნებს შეუძლიათ დაზოგონ ბიუროკრატიული ხარჯები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრაქტიკულად გაუყალბებელს სისტემაში შეინახონ.

"დოკუმენტს ბლოკჩეინში შეინახავთ, ეს ინფორმაცია შემდეგ ვეღარ წაიშლება და მას ვეღარავინ ვერ შეცვლის. ეს კი თავისმხრივ რადიკალურად ამცირებს მონაცემებით მანიპულაციის ალბათობას. მეტიც, თუკი თქვენ ამ სისტემაზე წვდომა გაქვთ თქვენ მაინც არ შეგიძლიათ ბლოკჩეინში განთავსებული ინფორმაცია შეცვალოთ, შესაბამისად არც ჩვენ და არც არავის მისი წაშლა/შეცვლა არ შეუძლია. ამიტომაც ბლოკჩეინის ფართოდ დანერგვით ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ სისტემაზე რომელიც არის ძალიან საიმედო და თანაც ამით ჩვენ ვამცირებთ ბიუროკრატიას, იმ ხარჯებს რაც დღეს მონაცემთა შენახვის მოძველებულ და ნაკლებად საიმედო სისტემებზე იხარჯება", - ამბობს ვავილოვი.

ბიტკოინის მომავლის შესახებ:

დღეის მდგომარეობით, ბიტკოინის ღირებულება $14 618-ს შეადგენს, რაც ერთი წლის წინ არსებულ ბიტკოინის ფასს 97%-ით აღემატება. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ბიტკოინის საერთო ფასი) კი $216 მილიარდ დოლარს აჭარბებს, თუმცა ბიტკოინს საკმაოდ მაღალი მერყეობა ახასიათებს და დღის განმავლობაში მისი ფასი რამდენიმე ასეული დოლარითაც იცვლება. ვალერი ვავილოვი ფიქრობს, რომ ბაზარზე გარკვეული მერყეობები იქნება, მაგრამ საერთო ჯამში ბიტკოინის ფასი მხოლოდ გაზრდის მიმართულებით შეიცვლება.

"ჩვენ ბიტკოინის ფასზე ვფიქრობთ, რომ ის კიდევ უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვჯერა, რომ ბიტკოინის ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის მიმართულებით შეიცვლება. რა თქმა უნდა იქნება გარკვეული მერყეობები და შესწორებები ფასში თუმცა მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს და მიხვდება იმას თუ რა არის ბიტკოინი, უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ ეს სისტემა არის ძალიან დაცული და გამჭვირვალე. რომ ბიტკოინი შეიძლება გამოყენებული იყოს არამხოლოდ ვალუტა და ფულადი გაცვლის საშუალება, არამედ როგორც სისტემა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი აქტივისა და გარიგების საიმედო, გაუყალებებელ და დაცულ სისტემაში შენახვა. ბიტკოინის ბლოკჩეინი არის ყველაზე დაცული ბლოკჩეინ სისტემა მსოფლიოში და ეს არის ციფრულ ეპოქაში ღირებულების შენახვის ყველაზე დაცული საშუალება", - ამბობს ვავილოვი.

რა არის ბლოკჩეინი და ბიტკოინი

ბლოკჩეინი არის სისტემა, რომელიც დღეისთვის ყველაზე ფართოდ ელექტრონული ვალუტა ბიტკოინის ტრანზაქციების აღიცხვისთვის გამოიყენება. 2016 წელს კი მისი ეფექტურობის ტესტირება საბანკო ტრანზაციებისთვის დაიწყეს ისეთმა ბანკებმა როგორიცაა J.P. Morgan და Citigroup. ანალიტიკოსები უკვე ბლოკჩეინ რევოლუციის დასაწყისზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი საშუალებით საბანკო ტრანზაციების სანდოობა გაიზრდება, სიჩქარე და ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. კომპანია Goldman Sachs-ის ანალიტოკოსების შეფასებით, ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი რომ მან მსოფლიოში ტრანზაქციების განხორციელების სისტემა სრულად შეცვალოს. 

ბიტკოინით განხორციელებული ყველა ოპერაციის უკან ბლოკჩეინ სისტემა დგას, რაც მისი გარიგებების აღრიცხვისთვის გამოიყენება. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან შეიძლება, ამ პროცესს მაინინგი ეწოდება და ის დღეისთვის ძირითადად მსხვილ დატა ცენტრებში წარმოებს, რომლებიც ათეულობით მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

კომენტარები