მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილთა სიაში შეიყვანა

screenshot from wanted.mvs.gov.ua

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ძებნილად გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილის მონაცემები უკრაინის შსს-ს ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა.

უკრაინის შსს-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სააკაშვილზე ძებნა 5 დეკემბერს გამოცხადდა. ძებნის მიზეზად სამართალდამცავებისგან დამალვა სახელდება. აღნიშნულ გვერდზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საკონტაქტო ნომერსაც ავრცელებს, რომელზეც იმ მოქალაქეებმა უნდა დარეკონ, ვისაც მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აქვთ ინფორმაცია. 

სააკაშვილს გენერალურ პროკურატურაში ადგილობრივი დროით 6 დეკემბერს 09:00-ზე ელოდებოდნენ, თუმცა სააკაშვილი არ გამოცხადდა. გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ 24 საათის გასვლის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები ყველაფერს იზამენ სააკაშვილის დასაკავებლად.

სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე რადას შენობასთან იმყოფება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინელმა სამართალდამცავებმა, 5 დეკემბერს, კიევში, საკუთარ საცხოვრებელი სახლის სახურავზე დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს.

 

კომენტარები