სტრუქტურული ცვლილებები

ჭიაბერაშვილი: არ ჩანს, რა მიზანი ჰქონდა სტრუქტურულ რეორგანიზაციას

parliament.ge

ევროპული საქართველო მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს "გაუაზრებელ ნაბიჯს" უწოდებს.

"სტრუქტურული რეორგანიზაციის უკან არ ჩანს გააზრებული ხედვა არც იმ ფუნქციებისა, რაც თითოეულმა სამინისტრომ უნდა შეასრულოს და რაც მთავარია, არ ჩანს, რა დაუჯდება ეს ქვეყანას. ხარჯები დაიზოგება თუ მოიმატებს და საერთოდ რა მიზანი ჰქონდა,“ - ამბობს პარტიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მთავრობის ინიციატივა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 99 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ცვლილების შედეგად 4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, საქართველოში არსებული სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი უერთდება, სპორტის ნაწილი კი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი. 

უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუსის და საგარეო დაზვრევის სამსახურის გაერთიანება აღარ მოხდება.

 

კომენტარები