ევროპული საქართველო

კახიძე შალელაშვილის სუს-ში ვიზიტზე: სუს-ი პარლამენტის უფროსია

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას მის მიერ იერუსალიმზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. 

"პარლამენტის წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წევრების წინაშე და არა - პირიქით. მე მინდა, ჩემს კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობიდან მოვუწოდო, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი. გაარკვიონ და მოსთხოვონ სუს-ს პასუხი. 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, სადაც პარლამენტის უფროსები არიან სუს-ის წარმომადგენლები და ეს ფორმა დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა,"- თქვა კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ქართული ოცნების დეპუტატი შოთა შალელაშვილის გუშინ, 7 დეკემბერს სუს-ში იმყოფებოდა. დეპუტატი არ ამბობს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა უწყებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ შალელაშვილი სუს-ში დაბარებული არ ყოფილა და არც გამოძიებაა დაწყებული. 

კომენტარები