საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

HRC: ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს

0 კომენტარი

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების მიუხედავად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. ამავე დროს, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არსებული რეგლამენტით, ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად უნდა ჩატარდეს მეორე ტური, პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არჩევნების პროცესს ახლდა პროცედურული დარღვევები და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რის გამოც არჩევნების მიმდინარეობა რამდენჯერმე შეფერხდა. 

"თვალშისაცემ დარღვევად უნდა შეფასდეს კენჭისყრის დასრულებისას კომისიის ორი წევრისთვის ერთი სახის რამდენიმე ბიულეტენის აღმოჩენა. თუმცა, ამ დარღვევის აღკვეთისა და ხმის დამთვლელი კომისიის მიერ საარჩევნო ყუთების დროულად დალუქვის შედეგად, ზედმეტი ბიულეტენები ყუთებში არ მოხვედრილა.

საარჩევნო ყუთები განლაგებული იყო თვალსაჩინო ადგილას. დელეგატების მიერ ყუთებში ბიულეტენების განთავსებას აკვირდებოდნენ მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორები. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ. დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრისა და ამ გზით, არჩევნების გაყალბების მცდელობა არ დაფიქსირებულა. 

კენჭისყრის დასრულების დროს, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე ატყდა ხმაური რამდენიმე ადგილიდან. ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ უნდა ჩამქრალიყო შუქი და საჭირო იყო საარჩევნო ურნების დაცვა. ამ განცხადების მიუხედავად, ელექტროენერგია არ გამორთულა და სარჩევნო პროცესი დაუბრკოლებლად გაგრძელდა", - აცხადებს ორგანიზაცია.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აზრით, არჩევნების პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, კანდიდატებს არ ჰქონდეთ საარჩევნო ადგილზე ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ხმას აძლევენ.

"იყო შემთხვევები, როდესაც კანდიდატები ხმაურობდნენ, ქმნიდნენ ქაოსს და აფერხებდნენ საარჩევნო პროცესს. არჩევნების მიმდინარეობისას ხარვეზებს იწვევდა საარჩევნო კომისიის არაორგანიზებული საქმიანობა. საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ მიღებული ბიულეტენების რაოდენობა არ აღირიცხებოდა და ცნობილი არ იყო, რამდენი ბიულეტენი გაიცა კომისიის წევრებზე", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე რეგისტრაცია 2324-მა ადვოკატმა გაიარა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2048 დელეგატმა. ყველაზე მეტი - 1128 ხმა მიიღო ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა. მეორე ადგილზე გავიდა ლევან ჯანაშია 632 ხმით.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა. ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. არ დრომდე არ გარკვეულა ვინ დაიკავებს ამ პოსტს - მონაწილე კანდიდატები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ. ლევან ჯანაშია, რომელიც არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა, პირველ ადგილზე გასულ დავით ასათიანს გაყალბებაში ადანაშულებს. ამ დრომდე უცნობია, გაიმართება თუ არა მეორე ტური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები