არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ახლადმიღებულ ტექსტში საჯარო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცვლილებებს ეხება.
კერძოდ: კონსტიტუციის ახალ, უკვე დამტკიცებულ პროექტში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.
კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში, როდესაც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე რაუნდი დაიწყო, იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, კონსტიტუციიდან შესაძლოა წაიშალოს ინფორმაციის სახეების ეს ჩამონათვალი. როგორც თეა წულუკიანმა თქვა, ამით საჯარო ინფორმაციის გაცემისას პირადი მონაცემების დაცვის ხარისხი გაიზრდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს ცვლილება გააუარესებს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს.
"გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების ამოცანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვა დაასახელა, იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება კი ამ ამოცანას სცდება. ვენეციის კომისიამ შეაფასა კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავი და არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს იმ მუხლზე, რომლის ცვლილებასაც იუსტიციის სამინისტრო ითხოვს. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, უკვე დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისას, არც იუსტიციის სამინისტროს გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ამ მუხლთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ გაითვალისწინოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებული ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკის შემცვლელი ინიციატივა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 ორგანიზაცია აწერს:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.





