ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან სახელმწიფომ 502 ავტომობილი შეიძინა

worldsport.ge

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსია, მისი ქონებრივი დეკლარაცია 20-ზე მეტ კომპანიას ითვლის. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ. ხეჩიკაშვილი მინისტრის პორტფელს, რომელიც მას 2015 წლის 1 მაისიდან უჭირავს რამდენიმე დღეში, სპორტის სამინისტროს კულტურის სამინისტროსთვის მიერთების შედეგად დაკარგავს.

ტაბულამ 2015 წლის მაისიდან დღემდე ხეჩიკაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სატენდერო საქმიანობა გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 502 ავტომობილი შეისყიდეს. ამ ტენდერების საერთო ღირებულება დაახლოებით 23.5 მილიონი ლარია.

ხეჩიკაშვილის კომპანიების ზოგიერთი შესყიდვა ასე გამოიყურება:

  • 176 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი იბერია ავტო ცენტრი, ტენდერის ღირებულება 8.6 მილიონი ლარი. 2017 წელი.
  • 172 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი იბერია ავტო ცენტრი, ტენდერის ღირებულება 8 მილიონი ლარი. 2016 წელი.
  • 86 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი იბერია ავტო ცენტრი, ტენდერის ღირებულება 3 მილიონი ლარი. 2017 წელი.

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან 2017 და 2016 წლებში 10 ავტომობილი შეიძინა პროკურატურამ (700 ათასი ლარი), 2017 და 2015 წლებში 8 ავტომობილი შეიძინა ფინანსთა სამინისტრომ (6 ავტომობილი კავკასუს მოტორსისგან 340 ათასი ლარი, 2 ავტომობილი კია მოტორსისგან 119 ათასი ლარი). 2015 წელს 7 ავტომობილი შეიძინა დაზვერვის სამსახურმა (287 ათასი ლარი), 2015 წელს თბილსერვისჯგუფმა შეიძინა 6 ავტომობილი (153 ათასი ლარი). 2017 წელს 3 ავტომობილი შეიძინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (222 ათასი ლარი), 2 ავტომობილი შეისყიდა სემეკმა (107 ათასი ლარი) და სხვა შესყიდვები.

ტენდერების უმეტესობაში (23 ტენდერი) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 1 ავტომობილი შეიძინეს. 4 ტენდერში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2-2 ავტომობილი შეიძინეს, 4 ტენდერში კი შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 3-3 ავტომობილი შეიძინეს. 

ხეჩიკაშვილის კომპანია "იბერია ავტომ" გაიმარჯვა ავტოსერვისის მიწოდების 3 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 90 ათასია. მინისტრის კუთვნილმა კიდევ ერთმა კომპანიამ "იბერია ტექ ავტომოტივმა" გაიმარჯვა ტენდერში, რის შედეგადაც 9 990 ლარად ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ავტონაწილები მიაწოდა.

კომენტარები