სიტროენ ჯორჯია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო "სიტროენ ჯორჯიას" ბრალდებებს პასუხობს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, კომპანია „სიტროენ ჯორჯიის“ მიმართ უსამართლო მოპყრობის შესახებ. გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა"გუშინ, 12 დეკემბერს თქვა, რომ ტენდერებს ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. მან პრესკონფერენცია "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად გამართა, რომლის მფლობელი გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძეა. მათ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს გაუსვეს ხაზი. პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ "სიტროენ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებული ტენდერებზე.

შესყიდვების სააგენტო კომპანიას წარსულ ხარვეზებს ახსენებს:

"შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ შედეგად იგი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გამო ოთხჯერ იქნა დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან გაფორმდა არა მხოლოდ ელექტრონული ტენდერების, არამედ სატენდერო პროცედურების გარეშეც – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუმცა მან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დღესდღეობით შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ისინი, დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სასამართლოში,"- ვკითხულობთ სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

მათ განცხადებაში შემდეგი ქრონოლოგიაც წარმოადგინეს:

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა NAT170003873 ელექტრონული ტენდერი 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 723 170 ლარი. ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასი – 1 437 172 ლარი წარადგინა შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ (ს/კ: 402033839).

შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის №3 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც ამ პრეტენდენტმა გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა.

სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №4 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კვლავ მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეტენდენტმა კვლავ გაასაჩივრა საბჭოში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა.

საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც გამოხატულ იქნა შემდეგში:

სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერთიფიკატი/სერთიფიკატები“.

უნდა აღინიშნოს, რომ შიდა აღჭურვას, შპს „სიტროენ ჯორჯიის“ სატენდერო წინადადების თანახმად, ახორციელებდა შპს „ავტოსპეცპრომი“. შესაბამისად, არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატი/სერტიფიკატები წარდგენილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული კომპანიის შესახებ.

საგულისხმოა, რომ შპს „ავტოსპეცპრომის“ სახელზე გაცემული „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სერტიფიკატი სტანდარტების EN ISO შესაბამისად“ ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე (ე. ი. იმ მომენტისათვის არ იყო ვალიდური), ისევე, როგორც არ დგინდებოდა 5-წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი სხვა დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის უტყუარობა/ნამდვილობა, რაც გახდა შპს „სიტროენ ჯორჯიის“ დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი და, შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით" - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელზეც "სიტროენ ჯორჯიას" წარმომადგენლები მიუთითებენ, ქონებრივ დეკლარაციაში 20-ზე მეტი კომპანია აქვს დასახელებული, რომლებშიც წილებს დღემდე ფლობს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ.

ტაბულამ 2015 წლის მაისიდან დღემდე ხეჩიკაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სატენდერო საქმიანობა გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს. ამ ტენდერების საერთო ღირებულება 22.9 მილიონი ლარია. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ ხეჩიკაშვილის შემდეგი კომპანიები: იბერია ავტო ცენტრი, იბერია ავტო, კია მოტორს ჯორჯია და კავკასუს მოტორსი.

კომენტარები