ცვლილება მაუწყებლობის შესახებ კანონში

მაუწყებლობის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მედიას შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტი ყველა იმ ადამიანს შეხვდება, ვისაც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები ექნება, რადგან საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.

"გამოითქვა საზოგადოებაში ძალიან ბევრი შენიშვნა და კრიტიკული მოსაზრება, ამიტომ, პრეზიდენტი აპირებს, რომ შეხვდეს იმ მხარეებს, რომელთაც გამოთქმული აქვთ ეს მოსაზრებები, ეს იქნება მედიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ ასპექტებზე ან შეიძლება ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებიც ეხება ამ ცვლილებებს," - ამბობს ანა დოლიძე.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი 14 დეკემბერს უყარა და 85-ით 6-ის წინააღმდეგ ის მეორე მოსმენით მიიღო. მანამდე კი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ ეს კანონპროექტი გამჭვირვალე მმართველობასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

კომენტარები