მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის მომხრეებმა ოქტომბრის სასახლის აღება სცადეს, დაშავდა 32 სამართალდამცავი

REUTERS

გუშინ, 17 დეკემბერს, კიევში გამართული "მარში იმპიჩმენტისთვის" შემდეგ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინაში ოპოზიციური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, კიევში მდებარე "ოქტომბრის სასახლეში" შესულიყვნენ და იქ შტაბი მოეწყოთ. 

"ჩვენ ახლა აქედან ოქტომბრის სასახლეში მივდივართ და იქ იქნება ჩვენი კოორდინირებული საბჭოს შტაბი, რათა ჩვენ აღარ გვდევნიდნენ საკნებში ღამღამობით. თქვენ ხომ ხედავთ, რომ ჩვე არაფერს ვკეტავთ, არავის არაფერს ვუშავებთ, თქვენ ხომ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მშვიდობიანია. რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ისინი გადატრიალებებზე, არანაირ გადატრიალებას ჩვენ არ ვაწყობთ. ჩვენ ახლა წავალთ ოქტომბრის სასახლეში. იქ იქნება შტაბი. ამ ყველაფერის შემდეგ, ჩვენ სიმბოლურ პიკეტირებას მოვაწყობთ უმაღლეს რადასთან და ჩვენ ვიმოქმედებთ. მე თქვენ ძალიან გთხოვთ, არ აყვეთ პროვოკაციებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოქმედებებისთვის ყოველდღე,"- ამ სიტყვებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სასახლის დაკავება. 

აქციის მონაწილეები სასახლეში არ შეუშვეს და მათ სამართალდამცავებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. უკრაინული УНИАН-ის ცნობით, შეტაკებების შედეგად 32 სამართალდამცავი დაშავა. გამოცემის ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

საბოლოოდ, სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ოქტომბრის სასახლეში შესვლა ვერ შეძლეს. ექსპრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, უზენაეს რადასთან გადაენაცვლათ და თქვა, რომ მათი გზა "ძალადობა არ არის".

კომენტარები