მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილის საქმის განხილვა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში 3 იანვარს გადაიდო

Reuters

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ, სააკაშვილი ავრცელებს. 

უკრაინის სააპელაციო სასამართლო პეჩერის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს. 11 დეკემბერს პეჩერის სასამართლომ არ დააკმაყფოილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების ნაცვლად, ის გაათავისუფლა. 

გადაწყვეტილება პროკურატურამ 12 დეკემბერს გაასაჩივრა.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო მისთვის ცუდ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 იანვრისთვის გადაიდო, იმ დღეს, როცა ხალხი ჯერ კიდევ ახალ წელს აღნიშნავს, რათა ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანონ, რომელიც ხელისუფლებისთვისაა კომფორტული,"- წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება.

კომენტარები