საპოლიციო კონტროლი

შსს: საპოლიციო კონტროლი დავასრულეთ, დაკავებულია 127 პირი

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორდღიანი საპოლიციო კონტროლი დაასრულა. კონტროლის შედეგები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანეს. უწყების ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის მიზანი დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. შსს-ს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ დაკავებულია 127 პირი. მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულია 45 პირი.

"მათ შორის არის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისათვის და ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის დაკავებული პირები. გატარებული ღონისძებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 პირი. ცივი იარაღის ტარებაზე გამოვლინდა 96 პირი. ამოღებულია ერთ კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 54 ხელყუმბარა, 122 კაფსულ-დეტონატორი, 3740 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმა 52 ათასამდე პირი. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი. მათ შორის, ერთერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატურად შემოჰქონდა სხვადასხვა სახის ნარკოტკული საშუალებები და ძირითადად ფონიჭალაში ახდენდა მის რეალიზაციას." - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას ყველა პოლიციელს ჰქონდა მკაცრი მითითება, რომ ემოქმედათ კანონის სრული დაცვით.

"რამდენიმე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა სამსახურებრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს, რომელმაც ღირსეულად შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს სამართლადამცავებთან. მსგავსი თანამშრომლობით ჩვენ მოქალაქეებთან ერთად შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო." - თქვა მამუკა ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლს 22 დეკემბრის დილიდან დღეს 24 დეკემბრის დილამდე ახორციელებდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები