ზვიად რატიანის ცემა

შსს: არასწორია საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით სავსე ჩანაწერი

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციამ პოეტი ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა, მან კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ შეურაცხყოფა მიაყენა. ნათია მეზვრიშვილმა სპეციალური ბრიფინგზე თქვა, რომ უწყებას მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც აქვს, თუმცა "ამ ეტაპზე არ მიაჩნია სწორად, საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი". 

"მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ჩანს, რომ პოლიციელები იყვნენ ფორმაში ჩაცმულები და მათ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს ზვიად რატიანი. მასალიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ ზვიად რატიანი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა, ამის დამადასტურებელი ჩანაწერები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად, საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. აღნიშნულ მასალას ჩვენ აუცილებლად წარვადგენთ სასამართლოში კანონით დადგენილი წესით, სურვილის შემთხვევაში ასევე შეგვიძლია მასალა გადავცეთ ბატონ ზვიად რატიანსაც, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარის დეტალები", - თქვა მეზვრიშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალაზე აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით, ზვიად რატიანის მიმართ ოქმიც შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

ასევე, პოლიციელების მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას შსს-ის გენერალური ინსპექციაც აწარმოებს. 

პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელებმა გუშინ დააკავეს და სცემეს, დღეს კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა გამოიწვია. ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. მას დაკავებისას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო კონტროლს 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა. უწყების ცნობით, მათ მთლიანობაში 50 ათასზე მეტი ადამიანი გაჩხრიკეს და 127 დააკავეს. 

ასევე, შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა 20 დეკემბერს პარლამენტში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე ნიკა მელიას "კეთილები აგინა" და ეს საქციელი "ღირსების დაცვის აუცილებლობით" ახსნა.  

კომენტარები