ზვიად რატიანის ცემა

რატი ამაღლობელი: ადამიანები უნდა დავიცვათ ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან

რუსთავი 2

პოეტ ზვიად რატიანის სამართალდამცველების მხრიდან ცემის საქმეზე ქართველმა მწერლებმა საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს. მწერალმა ლაშა ბუღაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ რატიანი თავად იყო აგრესიული პოლიციელების მიმართ, უტიფრული უწოდა და დამნაშვე პოლიციელების გვარების საჯაროდ დასახელება მოითხოვა, პოეტი რატი ამაღლობელი კი ამბობს, რომ ადამიანების "ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან დაცვა" აუცილებელია. 

"ზვიადის ეს საქმე უნდა იქცეს ყველა აქამდე საშინლად დაჩაგრული ხალხისთვის გამამხნევებელ მაგალითად, რომ მომავალში არ დაიჩაგრონ ადამიანები ქუჩაში გამოსული მოძალადეების მიერ. ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანის დაცვა, ეს არის საზოგადოების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა მაში, როდესაც დაკავების შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქე 4 საათის განმავლობაში მორალური ზეწოლის, წნეხის და ფიზიკური ძალადობის ქვეშ არის. დროა, მეგობრებო, დაივიწყოთ საბჭოთა მილიციის სტალინური მეთოდები. გარეთ არის 21-ე საუკუნე, სხვანაირად უნდა ებრძოლოთ კრიმინალს და მაშინ მთელი საზოგადოება დაგიდგებათ გვერდში", - თქვა რატი ამაღლობელმა. 

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა გუშინ დააკავეს და სცემეს, დღეს კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატიანის თქმით, სამართალდამცველების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა - ნარინჯისფერმა გამოიწვია. პოეტი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

ცოტა ხნის წინ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ რატიანი "ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას". მისივე თქმით, შსს-ს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალაც აქვს, თუმცა ვინაიდან "უცენზურო ლექსიკითაა გაჯერებული, არ აქვეყნებს". 

კომენტარები