სუს: პანკისში სპეცოპერაცია ჩატაევის საქმეს უკავშირდება, დავაკავეთ 5 ადამიანი

პირველი არხი

სუს-ის ცნობით, გუშინ ღამით პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა 5 ადამიანი დააკავა: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადუ ჩოფანაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია ახმედ ჩატაევის საქმეს და 21-22 ნოემბერის თბილისის სპეცოპერაციას უკავშირდება. 

სუს-ის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისთვის და "მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც, დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც მან თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია". 

სუს-ის ცნობით, დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებმა "უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებლის საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში". 

სუს-ის განცხადებით: 

"სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად, დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან  ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუქები, დურბინდები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები.

საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის  დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა". 

დაკავებულების მიმართ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ და/ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები