ირანი

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება, დაღუპულია ორი ადამიანი

AFP

ანტისამთავრობო დემონსტრაციები ირანის სხვადასხვა ქალაქში მესამე დღეა, გრძელდება. 2009 წლის შემდეგ ეს გამოსვლების ყველაზე დიდი ტალღაა.

დემონსტრანტები ცხოვრების ხარისხის გაუარესებას აპროტესტებენ. Reuters-ის ცნობით, ისმის მოწოდებები უზენაესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.

პროტესტი ხუთშაბათს ქალაქ მაშადში დაიწყო და პარასკევს სხვა დიდ ქალაქებში გავრცელდა. თეირანში მცირერიცხოვანი დემონსტრაცია შაბათს მრავალათასიან აქციაში გადაიზარდა, მოხდა შეტაკება სტუდენტებსა და პოლიციას შორის.

შაბათს ღამით ქალაქ დორუდში გამოსვლების ორი მონაწილე ცეცხსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარში პოლიციის მონაწილეობა უარყო და მკვლელობაში უცხოელი აგენტები დაადანაშაულა.

დემონსტრანტებმა შეუტიეს ბანკებს და სამთავრობო შენობებს, დაწვეს პოლიციის მოტოციკლები.

„ისინი, ვინც დააზიანებენ საჯარო საკუთრებას, დაარღვევენ კანონს და წესრიგს, შექმნიან არეულობას, პასუხს აგებენ თავის საქციელზე და ამის ფასი უნდა გადაიხადონ“ - შინაგან საქმეთა მინისტრის ამ კომენტარს სამთავრობო მედია ავრცელებს.

აშშ დემონსტრაციებს მხარდაჭერას უცხადებს.

„დესპოტური რეჟიმები სამუდამოდ ვერ შენარჩუნდება. მოვა დღე, როდესაც ირანელი ხალხი არჩევანის წინაშე დადგება. მსოფლიო თვალყურს გადევნებთ!“ - დაწერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

კომენტარები