ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსის დადგენის წესში ცვლილება შეიტანა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

დღეიდან ლარის ოფიციალური კურსის დადგენის წესში ცვლილება შევიდა. ცვლილების შედეგად ოფიციალური კურსი სავარაუდოდ, რეალურ საბაზრო კურსს უფრო დაუახლოვდება.

დღემდე ეროვნული ბანკი ოფიცალურ კურსს დღეს დადებული გარიგებებით ითვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობის მოცულობა აღემატებოდა 3 მილიონ დოლარს. თუ ვაჭრობა ამაზე ნაკლები იყო, ოფიციალური კურსი ითვლებოდა დღევანდელთან ერთად წინა სამუშაო დღის გარიგებების საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშებით. ეროვნულმა ბანკმა შეცვალა აღნიშნული წესი და ვაჭრობის 3 მილიონიანი მოთხოვნა 1.5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

"იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. აღნიშული ცვლილებით ზემოთნახსენები ლიმიტი განახევრდება (1.5 მილიონ აშშ დოლარამდე), რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს", - წერია სებ-ის განცხადებაში.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ითვლება სამუშაო დღეებში, დღეში ერთხელ და წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს.

დღევანდელი ოფიციალური კურსით ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 1-1 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები