ირანი

აჰმედინეჯადის ადვოკატმა არაბულ მედიასთან ინტერვიუში მისი დაკავება უარყო

რუსული საინფორმაციო წყაროები Erem News-ზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მაჰმუდ აჰმედინეჯადის ადვოკატი მისი დაკავების ფაქტს უარყოფს.

ადელ ჰეიდარმა ინტერვიუ არაბულ პრესას მისცა, სადაც განაცხადა, რომ ირანის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ირანის ხელისუფლებამ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმედინეჯადი დააკავა და შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას ირანში საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერას ედავებიან და ასევე, იმას, რომ ბუშერში მისი განცხადების შემდეგ, დემონტრანტთა რიცხვმა იმატა.

დაკავების შესახებ ინფორმაცია ირანის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს ქალაქ მეშჰედში დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

რა ხდება ირანში - წაიკითხეთ ტაბულას ინტერვიუ ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ კანადაში საქართველოს ყოფილ ელჩთან, დიპლომატთან და ირანის სპეციალისტთან, ალექსანდრე ლაცაბიძესთან.

კომენტარები