ჩატაევის დახმარებისთვის დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ ახმედ ჩატაევის ხელშეწყობისთვის დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებით სარგებლობს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თქვა. დავით მოდებაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, გორნაკაშვილთან და ჩატაევთან კავშირს იდოიძის ოჯახიც უარყოფს.

ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ის პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე". 

გამოძიება იდოიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

იდოიძეს ბრალს დღეს საღამოს ან ხვალ დილით წარუდგენენ. 

კომენტარები