დედოლარიზაციის შედეგები: 5%-ით გაზრდილი სესხების ლარიზაცია და გამქრალი არჩევანი

AP Photo

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 21.7 მილიარდი ლარია. მთლიანი სასესხო პორფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 40.7%-ია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია. ლარის სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილებების შედეგად მოსახლეობამ დაკარგა არჩევანი 100 000 ლარამდე სესხი აიღოს იმ ვალუტაში, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის განაკვეთიც დოლარის სესხზე ძვირია.

დედოლარიზაციის კანონმდებლობა ძალაში 2017 წლის 13 იანვარს შევიდა. ამ საკანონმდებლო პაკეთით ქვეყანაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე ერთიანი ლიმიტი დაწესდა 100%-ის ოდენობით, აიკრძალა 100 ათას ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა, აიკრძალა რეკლამირებისას ქონების/მომსახურების საფასურის დოლარში მითითება. ასევე, ძალაში შევიდა სესხების "გალარების" ნორმები, რომლითაც მოქალაქეებს დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა შეეძლოთ, რისთვისაც მთავრობა მათ სპეციალურ სუბსიდიას აძლევდა. "გალარების" აქციით $80 მილიონი დოლარის ღირებულების სასესხო პორტფელი გალარდა.

რაც შეეხება დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებლებს, ის 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით 32.5%-ს შეადგენს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 28.8%-ზე იყო.

დედოლარიზაციის სამთავრობო პროგრამის მიზანი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებაა. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს თან სავალუტო რისკიც ახლავს, კურსის მერყეობის შემთხვევაში პირის მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა შესაძლოა მკვეთრადაც შეიცვალოს, რისი მაგალითიც ლარის გაუფასურებაა, რის გამოც წარსულში აღებული დოლარის სესხების მომსახურება გაძვირდა. 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვით მთავრობა და ეროვნული ბანკი მოსახლეობისთვის აღნიშნული სავალუტო რისკის თავიდან აცილებას ცდილობნენ, თუმცა აღნიშნულმა რეგულაციამ შეზღუდა კონტრაქტის თავისუფლება ხელშეკრულება გაფორმდეს იმ ვალუტაში, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს.

კომენტარები