გიგა ოთხოზორია

გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ - საიამ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნა

ტაბულა

გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ - საიამ საოკუპაციო ხაზთან მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ ოთხოზირიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები.

საია აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ ე.წ მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას  ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ რაშიდ კანჯი ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.  

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.  

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

კომენტარები