ოჯახში ძალადობა

მეზვრიშვილი: ამოვიღეთ ყველა იარაღი, რაც გოშხეთელიანის ცემაში ბრალდებულს გააჩნდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამოღებულია ყველა იარაღი, რომელიც დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს გააჩნდა.

საქმე ეხება გრიგოლ ბაკურაძეს, რომელსაც ოჯახში ძალადობაში ედება ბრალი.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს.

"დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს. ჩვენ ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ, დაწყებულია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ  პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა დღეს შეუფარდა. ის სხდომათა დარბაზში დააკავეს.

ბაკურაძე, რომელმაც ყოფილი ცოლი, დეა გოშხეთელიანი და მისი მამა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა, 5 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, გრიგოლ ბაკურაძე მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს.

"მას ჰქონდა მამაოს რეკომენდაცია, მეზობლების და სამსახურის დახასიათება", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდებოდეს. გოჩა ბაკურაძე ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია, მანამდე კი, როგორც გოშხეთელიანი ამბობს, ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი მამამთილი ხშირად საუბრობდა ხელისუფლებაში ნაცნობების შესახებ, მათ შორის, ხაზს უსვამდა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან მეგობრობას.

გოჩა ბაკურაძემ კი დღევანდელი სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი ქმედება და მისი შვილი თავს იცავდა.

"ყველაფერს ვერიდებოდით. ამიტომ, ალბათ აწი, ჩემი შვილი თანხმობით რა თქმა უნდა, არაფერს არ მოვერიდებით, იმიტომ, რომ არ დაიტოვა არც დეა გოშხეთელიანმა და არც მისმა ოჯახმა არავითარი უკან დასახევი გზა. ამიტომ, რეალობა ყველაფერი ითქმება - რატომ, რის საფუძველზე მოხდა ეს და ეს არი იყო ძალადობრივი ქმედება, პირიქით, ეს იყო ჩემი შვილის მხრიდან თავის დაცვის მექანიზმი, რომლის საბუთები რა თქმა უნდა სასამართლოზე, არსებითი განხილვის დროს, ყველაფერი იქნება", - აცხადებს ბაკურაძე მედიასთან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას - ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12 თებერვალს გაიმართება, შემდეგ კი არსებითი განხილვა, სადაც მოსამართლე ბაკურაძის სასჯელის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომენტარები