რუსეთი

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში სარაკეტო სისტემის ახალი დივიზია განათავსა

Reuters

რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ახალი S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები განათავსა.

2017 წლის შემდეგ ნახევარკუნძულზე უკვე არის განთავსებული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის ერთი დივიზია.

რუსული მედიის ინფორმაციით რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა, ვიქტორ სევოსტიანოვმა განაცხადა, რომ საჰაერო დაცვის ამ სისტემის საბრძოლო რეჟიმში გადაყვანას 5 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. ახალი დივიზია სევასტოპოლთან განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის მთავრობისათვის ლეტალური იარაღის მიყიდვის ლიცენზია გასცა.

The Washington Post-ის ინფორმაციით ადმინისტრაციამ ნებართვა გასცა M107A1 მოდელის სნაიპერის სისტემების და დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვაზე ჯამში 41.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფარგლებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზია ასევე ფარავს ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს .50 კალიბრამდე, მაყუჩებს და სხვა ნაწილებს.

ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ გაუცია ნებართვა უკრაინის მთავრობისათვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინის" მიყიდვაზე.

კომენტარები