კანონი მაუწყებლის შესახებ

პრეზიდენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კანონი შესაცვლელია, თუმცა შეთავაზებული კანონპროექტი "ფაქტიურად აუქმებს" საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვის შესაძლებლობას. მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს დაპირისპირებული მედია მრავალფეროვნებას.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეების გადახდილი ფულით ფინანსდება და ეს ნამდვილად არის ის სიკეთე, რომელსა ჩვენ ბიუჯეტის ფულით ვაფინანსებთ. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და სულ მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე ერთმანეთს კონკურენციას უწევს არა ერთი დამოუკიდებელი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს ამ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი კონკურენტული მოთამაშე, ჩემი აზრით, პრობლემურია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მედია მრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რომელიც მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, რადგან მედია ჩვენს ქვეყანაში მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. ის ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ არ ექნება საარსებო რესურსი და მედია მრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საზოგადოებრივი სიკეთე, არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე მნიშვნელოვან სიკეთესთან, მედია მრავალფეროვნებასთან", - თქვა პრეზიდენტმა.

საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. კანონპროექტზე ვეტოს დადება მათ პრეზიდენტს თავადაც სთხოვეს. 

კომენტარები