კრიმინალი

"ბასიანის" ტერიტორიაზე 3 პირის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისში, კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თ.ქ-მ თბილისში, კლუბი "ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული "ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილია". მისივე თქმით, თ.ქ-მ დაცვის წევრები და პოლიციელები იმის გამო დაჭრა, რომ კლუბის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ორაშვილი Facebook-ში წერს, რომ "ახალგაზრდამ სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვეტილების გამო მოაწყო".

"მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა. გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს, რომ მათი პრივილეგიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას" - წერს ორაშვილი.


მომხდარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი დაზარალებულის ცოლმაც გაავრცელა.
 

სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის.

სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი - ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები