ინციდენტი კლუბ ბასიანთან

შსს კლუბ ბასიანთან დაჭრილ პოლიციელს მედალს გადასცემს

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი კლუბ "ბასიანთან" დაჭრილ პოლიციელს მედალს გადასცემს. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყება არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას.

"ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა. 

თბილისში, კლუბ "ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმე 13 იანვარს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ თბილისში, კლუბი "ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

კომენტარები