ე.წ პიჯაკების საქმე

მარგველაშვილი ე.წ პიჯაკების საქმეზე: ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" ე.წ პიჯაკების საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წელს პროკურატურამ მას საქმეზე გრიფის მოხსნა თხოვა, თუმცა მაშინ უარი უთხრა.

"სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა ყოფილიყო შოკში იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები. მაშინ პროკურატურამ დაიწყო ამის შესახებ ლაპარაკი ღია ეთერში, მაშინ როდესაც ამითი არღვევდა კანონს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, იმიტომ რომ როდესაც გრიფი ადევს დოკუმენტს, მის შინაარსზე საუბარი ღია ეთერში, მის შინაარსზე საუბარი არის არასწორი." - თქვა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას მერე რაც შეამჩნია, რომ ე.წ პიჯაკების საქმე სახელმწიფოს არ აზიანებდა, მან საქმეს გრიფი მოხსნა.

"გრიფის მოხსნის შემდეგ, ეს ასე ვთქვათ სკანდალური საბუთები აფრიალდა ეთერში და ცოტა ხანში, მე მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, არა ერთ ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე, იმიტომ რომ მეკითხებოდნენ, სერიოზულად? მართლა ამაზე ასამართლებთ თქვენს პრეზიდენტს? ჩემი უხერხულობა კიდევ ერთი საკითხია. მეორე საკითხი, რა არის იცით, ამ გრიფის მოხსნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, ამის მერე, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი."- თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები