კრიმინალი

გმირთა მოედანზე, რესტორანში, სამი ადამიანი მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა

flickr

რესტორანში სამი ადამიანი დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მოხდა. ერთი დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რუსთავი 2-თან დაჭრილის მამა ყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის, სიმღერის შესრულების დროს დაიწყო. მისი თქმით, ამ დროს მომღერალმა სცენაზე ერთ-ერთი სტუმარი დაჭრა, რამდენიმე წუთში კი, გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა.

დაპირისპირებამ სცენიდან რესტორნის დარბაზში გადაინაცვლა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მამაკაცი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მისი შეჩერება ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სცადა. ბრალდებულმა მომღერალმა ორი ჭრილობა მასაც მიაყენა. რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მომღერალი დააკავეს.

ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ის ნაცემია.

სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარები