თავდაცვა

ჯაველინების სისტემა უკვე საქართველოშია

"ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში ჯაველინების სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი. საქართველომ ჯაველინების პირველი პარტიის შესყიდვაში $37 მილიონი დოლარი გადაიხადა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=8&v=aS7_MesIP_M]


ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

"ყოველთვის მოხარული ვარ, როცა თავდაცვის სამინისტროში ჩემს შესანიშნავ მეგობრებს - მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ვხვდები. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ ეტაპზე. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან კარგ ეტაპზეა გადასული, რადგან ჩვენ ერთობლივად ძალიან მიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც საქართველოს ძალიან საჭირო თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - ამბობს იან კელი.

საქართველოს მთავრობა FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობას და 410 რაკეტას შეიძენს. გარიგების საერთო ღირებულება $75 მილიონი დოლარია და ის ორი $37.5 მილიონიანი ტრანსფერით ხორციელდება.

ხელშეკრულება ასევე ჯაველინის მომწოდებელი კომპანიის მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ოპერირებაში ტექნიკურ დახმარებასაც მოიცავს.

ჯაველინს Raytheon & Lockheed Martin 1996 წლიდან აწარმოებენ. დღეის მდგომარეობით 40 000 გამშვები მოწყობილობაა დამზადებული. ჯაველინის გამშვები სისტემის წონა 23 კილოგრამია, რაკეტის წონა კი 8.4 კილოგრამს შეადგენს. ელექტრონული საძიებო სისტემით აღჭურვილი რაკეტის სროლის მანძილი 4.75 კილომეტრია. 

კომენტარები