განათლება

გორში, მასწავლებლის იძულებაში ბრალდებული დირექტორი თანამდებობას ინარჩუნებს

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის იძულების მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, თანამდებობაზე რჩება. გამოძიება ლეილა ჯაყელის სამსახურებრივ საქმიანობას ეხება, თუმცა ის პოსტს ინარჩუნებს. სკოლის თანამშრომლების განცხადებით, ჯაყელი ხშირად ამბობს, რომ მას "მფარველები ჰყავს".

ტაბულას ინფორმაციით, გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობით ჯერ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი დაინტერესდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ლეილა ჯაყელს მასწავლებლები ადანაშაულებენ საკუთარი შვილის დასაქმებაში, რომელიც სამსახურში არ ცხადდებოდა და ხელფასს იღებდა, სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმებისა და ხელმოწერების გაყალბებაში, თანხების იძულებით შეგროვებაში, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და მასწავლებლების შეურაცხყოფაში, რისი დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერიც არსებობს.

აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში შეატყობინეს. უწყებამ მომჩივანს 2017 წლის ივლისში აცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხები შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა, რომლის შედეგად შედგა დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე სკოლას წერილობითი გაფრთხილება მიეცა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ "დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, მასალები სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა".

სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, რომ 2015 წლის აგვისტოში ლეილა ჯაყელმა ერთპიროვნულად და მტკიცებულებების გარეშე ჩამოართვა კლასის დამრიგებლობა, საათების რაოდენობა კი 12-დან 6-მდე შეუმცირა. 2016 წლის ოქტომბერში ის დირექტორმა დაიბარა და უთხრა, რომ გამოჩნდა თავისუფალი 18 საგაკვეთილო საათი და მას გადასცემდა, თუმცა ამ გაკვეთილებს სხვა ჩაატარებდა. აღნიშნული საათებისთვის ხელფასი თავად ნაზიკო ციცქიშვილს ჩაერიცხებოდა, რომელიც სკოლის დირექციისთვის უნდა დაებრუნებინა.

"დამიბარა და მითხრა - სკოლის გახსნის გამო ბევრი ფული დამეხარჯა, შენ ცოტა საათი გაქვს, დაგირიცხავ საათებს და ნამატი უნდა ჩამაბაროო. მე მეგონა საათებს მიმატებდა და როგორ ჩავატარებ-მეთქი. არაო, სხვები იმუშავებენ და შენ დანამატს მოიტან ჩემთანო. მეგონა იმ 6 საათსაც დამაკარგვინებდა და ასე მშვიდად შევხვდი ამბავს. სკოლაშიც ყველასთან ვთქვი, რაც მითხრა, რომ არაფერი საშიში არ არის, შენ არაფერი არ შეგეხება, ეს სკოლას სჭირდება და უნდა მოიტანოო.

ხელფასი მქონდა 146 ლარი და დამატებით 231 ლარი და 85 თეთრი დამერიცხა. ნამატი მივიტანე და ბუღალტერს ჩავაბარე. ოქტომბერში 102 ლარი იყო დანამატი, გამოვიტანე და ჩავაბარე სასწავლო ნაწილის გამგეს. ვიღაცამ მერე საჩივარი შეიტანა დირექტორის წინააღმდეგ და მომიხსენია იქ, რადგან მე ყველგან ვთქვი რაც მოხდა. მერე აუდიტი შემოვიდა სკოლაში და დამიბარეს, დავუდასტურე ყველაფერი. მითხრეს უნდა ითანამშრომლო გამოძიებასთანო და მეც ვითანამშრომლე კაცო, რა ვქნა, მე თვითონაც დაზარალებული ვარ.

მთელი ზამთარი მიმდინარეობდა კვლევა, ამ პერიოდში დირექტორი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ არაფერი მეთქვა, არ დამეღუპა და მერე პატივს მცემდა. მომიტანეს თავიანთი ხელით დაწერილი განცხადებები, მეუბნებოდნენ, თქვი, რომ სათვალის გარეშე ვერ დაწერე და ჩვენ გვთხოვე შენი სახელით დაწერაო. თვითონ წერეს განცხადებები ჩემ მაგივრად. აუდიტს ვუთხარი, რომ მე არ დამიწერია.

ეს ქალი დამდევდა უკან, მოვიდა სახლში, ჩემი შვილი ჩარიეს, ამერიკაში ნათესავებთან დარეკეს. მითხრა ცილისწამებისთვის გიჩივლებო, მემუქრებოდა, გლახად მიყურებდა, ვერაფერს მიზამ, ადვოკატი მყავს აყვანილი, ყველა მოქრთამული მყავს, განათლების სამინისტრო ჩემ მხარეს არის და ვერაფერს მიზამ, გატარებენ ეგრე პროკურატურაში და პირიქით გიჩივლებ ცილისწამებისთვისო", - ამბობს ნაზიკო ციცქიშვილი ტაბულასთან.

მას შემდეგ, რაც N5 სკოლაში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი შევიდა, შეისწავლეს ნაზიკო ციცქიშვილის საკითხიც და დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მას ზედმეტი ხელფასი ჩაერიცხა. სკოლას ხარვეზის გამოსწორება დაევალა, შედეგად კი, მასწავლებელს იმ ფულის დაბრუნება უწევს, რომელიც უკვე მისცა ადმინისტრაციას. ნაზიკო ციცქიშვილის ანაზღაურება დაახლოებით 350 ლარია, საიდანაც, ყოველთვიურად, 41 ლარი სკოლისთვის გადასაცემად აკლდება.

კიდევ ერთი მასწავლებელი, მაია ალექსიძე ტაბულასთან ამბობს, რომ დირექტორმა დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში ინფორმაციული მენეჯერის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ორსულობის დროს კი საჯაროდ უყვირა, გალანძღა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ინერვიულა და შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები.

"ნუთუ ასეთი შეურაცხყოფის მიმყენებელ დირექტორს უფლება აქვს კვლავ იკავებდეს თანამდებობას. აღსანიშნავია და გასაოცარიც, რატომ აფარებს ხელს და დუმს სამინისტრო. რატომ არ აქვს დროულად და სწრაფად რეაგირება. ნუთუ შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა იმუშაოს ასეთ გარემოში, სადაც თავს დაცულად არ გრძნობს და ყოველ წუთს აქვს მოლოდინი და შიში იმისა, რომ დირექტორი გალანძღავს, დაამცირებს და შეურაცხყოფას მიაყენებს საჯაროდ?!", - ამბობს მასწავლებელი.

გორის N5 სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენლის თქმით, იმის გამო, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, ლეილა ჯაყელმა გალანძღა და დარღვევების შესახებ საჩივრის დაწერა მას დააბრალა.

იგი ტაბულასთან ყვება, რომ დირექტორმა მის შვილს დაურეკა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც შვილთან კონფლიქტი მოუვიდა. სკოლის თანამშრომელი განათლების სამინისტროს მიმართავს თხოვნით, მიაწოდონ მისი ჩვენებების ასლები, რათა ოჯახის წევრები დაარწმუნოს საკუთარ სიმართლეში.

ის ასევე ყვება, რომ დირექტორის მხრიდან ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის სიტყვები: "ფულის ღორი", "თავხედი", "ინტრიგანი". სკოლის თანამშრომელი არ გამორიცხავს, რომ დირექტორმა კვლავ დაუპირისპიროს შვილი, ამიტომ ვინაობის საჯაროდ გამხელაზე უარს ამბობს.

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, N5 სკოლაში რამდენჯერმე დაირღვა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული და შრომის კოდექსები, მინისტრის ბრძანებები და დადგენილებები და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი.

აუდიტის მიხედვით, დარღვევების ოფიციალური ჩამონათვალი ასეთია:

  • სკოლაში ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებსაც არ აქვთ მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • დირექტორის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, დამცირების ფაქტები;
  • თანამშრომელს ეძლევა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის ხელფასი, როცა ხარიხის დამადასტურებელი დოკუმენტი სკოლამ ვერ წარმოადგინა;
  • დირექტორი კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს არარეალური რაოდენობის საგაკვეთილო საათებს (44-46);
  • სკოლა მასწავლებელს აძლევდა ზედმეტ ხელფასს, იმ გაკვეთილებისთვის, რომლებიც არ ჩაუტარებია;
  • რამდენიმე მოსწავლეს სავალდებულო ინგლისურის ნაცვლად, გერმანული და რუსული ენების გაკვეთილები უტარდებოდა.

ცალსახად არ დასტურდება:

  • 100 ლარის შეგროვება სრული საათობრივი დატვირთვისთვის სანაცვლოდ;
  • მასწავლებლებისთვის ფულის შეგროვების იძულება დირექტორის შვილის ქორწინების გამო;
  • დირექტორის შვილის სამსახურში გამოცხადება-არ გამოცხადების საკითხი.

ტაბულას ასევე შეატყობინეს, რომ წერილობითი გაფრთხილება სკოლამ ფაქტობრივად არ აღმოფხვრა და ერთ თვეში განათლების სამინისტროში ყალბი დოკუმენტები გაიგზავნა, რის შესახებაც სამინისტროს უკვე ეცნობა.

გორის N5 სკოლის დირექტორი, ლეილა ჯაყელი ბრალდებებს არ ეთანხმება. მან ტაბულას მხოლოდ ის უთხრა, რომ "მიმდინარეობს კვლევა და დაველოდოთ შედეგებს".

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში ადასტურებენ, რომ სკოლა შიდა აუდიტმა შეამოწმა და წერილობითი გაფრთხილება მისცა, ასევე, საქმე გადაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.

რაც შეეხება დირექტორის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს, უწყებაში განმარტავენ, რომ ის სამეურვეო საბჭოს მიერ არის არჩეული, შესაბამისად, ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.

"ველოდებით გამოძიების დასრულებას და თუ შესაბამისი საფუძველი იქნება, გაათავისუფლებს სამეურვეო საბჭო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მინისტრს აქვს უფლებამოსილება გადააყენოს დირექტორი", - უთხრეს ტაბულას უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

"გვაქვს საქმის გამოძიება დაწყებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოკითხვა. როგორც კი შემოვიდა ჩვენთან შეტყობინება, მაშინვე დავიწყეთ გამოძიება. მოხდა საქმის მასალების გაცნობა, შემდეგ კი დავიწყეთ გამოკითხვა, რაც ამ დრომდე მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ლეილა ჯაყელი სამეურვეო საბჭომ გორის N5 საჯარო სკოლის დირექტორად 2014 წლის 29 ოქტომბერს აირჩია. მანამდე ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები