საკონსტიტუციო ცვლილებები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ საკონსტიტუციო ცვლილებებით

facebook.com/pg/BusinessAssociationofGeorgia

პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის ამაყობს გასულ წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით. განცხადება ამის შესახებ კობახიძემ დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა. 

"ჩვენ, გადავსინჯეთ კონსტიტუცია, მათ შორის მეორე თავის ნაწილში, რომელიც ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს და აქაც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. არცერთი ნორმა არ არის გადასინჯული იმ სახით, რომელის გააუარესებდა ადამიანის უფლებების დაცვის  მდგომარეობას, თუმცა, არის უამრავი ნორმა, სადაც არის, ერთის მხრივ, დადგენილი ახალი ძირითადი უფლებები და არის მეორეს მხრივ, ნორმები, სადაც არის ამაღლებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელსაც ეფუძნებოდა მეორე თავში შეტანილი ცვლილებები და ჩვენ ვამაყობთ, ნამდვილად, იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას,"- ამბობს პარლამენტის სპიკერი. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათი პროტესტისდა მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ კონსტიტუცია მაინც დაამტკიცა.

საქართველოს კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მმართველმა გუნდმა კვლავ ცვლილებები შეტანაზე დაიწყო საუბარი. შეიცვალა 4 პუნქტი: 2024 წლიდან გაუქმდება ე.წ ბონუსების სისტემა, 2020 წელს პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საშუალება, საარჩევნო ბლოკები შექმნან, ასევე ცვლილებები ეხება რელიგიის თავისუფლების მუხლსა და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლას.

ამ საკითხებზე პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. კონსტიტუციის პროექტში ეს ჩანაწერები მიუღებელი იყო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა, შემდეგ კი, სამი მოსმენით დამტკიცებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ პროექტში კვლავ ცვლილებები შეიტანა. 

კომენტარები